რუსეთის სატელეკომუნიკაციო მარეგულირებელი YouTube-ს დაბლოკვით ემუქრება
მსოფლიო
imedi / 29 სექტემბერი 2021, 13:23
/ სანდო წყარო
რუსეთის სატელეკომუნიკაციო მარეგულირებელი YouTube-ს დაბლოკვით ემუქრება
ფოტო: Reuters
წინა სტატია
რუსეთის კომუნიკაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასმედიის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური („როსკომნადზორი“) YouTube-ს დაბლოკვით ემუქრება.
28 სექტემბერს, Youtube-მა Russia Today-ის ორი გერმანულენოვანი არხი აღდგენის შესაძლებლობის გარეშე დაბლოკა. Google-ში განაცხადეს, აღნიშნული არხები კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების გამო დაბლოკეს.
რუსეთის სატელეკომუნიკაციო მარეგულირებელი აცხადებს, რომ კომპანია Google-ს მიმართა და მოითხოვა რაც შეიძლება მალე მოიხსნას RT DE-სა და Der Fehlende Part-ზე დაწესებული შეზღუდვები.
„კანონმდებლობა წვდომის სრულ ან ნაწილობრივ შეჩერებას ითვალისწინებს, თუ პლატფორმის მფლობელი „როსკომნადზორისგან“ მიღებულ გაფრთხილებას არ შეასრულებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აღნიშნეს, რომ Russia Today-ის ორი გერმანულენოვანი არხის დაბლოკვა YouTube-ის მხრიდან საინფორმაციო აგრესიის უპრეცედენტო აქტია.